Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

    1. პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (შემდგომში „უნივერსიტეტი“) აკადემიურ და სტუდენტურ სივრცეში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და დარღვევის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მექანიზმებს.
    2. უნივერსიტეტი იცავს ინტელექტუალური საკუთრების პრინციპებს და აღნიშნული წესით დადგენილი მექანიზმებით მიმართულია გამოავლიონოს სხვისი შრომის შედეგის ნებისმიერი ფორმით მითვისება.
    3. უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთა მოვალეობაა, პატივი სცეს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერება და გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის რეპუტაციასა და პრესტიჟს.
    4. აღნიშნული წესი აყალიბებს უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ ინფორმირებულობის, პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენის მექანიზმებისა და რეაგირების ნორმებს.

    მუხლი 2. პლაგიატი, თვითპლაგიატი, ფალსიფიკაცია

    1. აკრძალულია სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების მითვისება და გავრცელება ავტორის მიუთითებლად (პლაგიატი).
    2. აკრძალულია საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენება ორიგინალური წყაროს მიუთითებლად (თვითპლაგიატი).
    3. აკრძალულია მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება აკადემიურ ნაშრომში (ფალსიფიკაცია).

    მუხლი 3. პლაგიატის შესახებ ინფორმირება

    1. უნივერსიტეტის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს სავალდებულო სასწავლო კურსებს, რომლებიც მოიცავს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს.
    2. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალში პლაგიატის შესახებ ინფორმირება ხდება აღნიშნული წესის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე და ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სავალდებულოდ გასაცნობი დოკუმენტია.

    მუხლი 4. პლაგიატის პრევენცია

    1. პლაგიატის შესახებ პრევენცია მოიცავს რამდენიმე ასპექტს:

    ა) სტუდენტი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისას ხელს აწერს პლაგიატის საინფორმაციო დოკუმენტს.

    ბ) სტუდენტების თვითშეგნების ამაღლება აკადემიური წერის კურსის ფარგლებში;

    გ) სწავლების პირველივე წლიდან წერითი დავალებების (რეფერატი, ესე, სტატია, პრეზენტაცია და სხვა) მიცემა და ლექტორის მიერ პლაგიატზე შემოწმება;

    დ) საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა პლაგიატის თემაზე;

    ე) პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციების შესახებ ინფორმაციული კამპანიის წარმოება;

    ვ) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის პლაგიატის აღმოჩენის პროგრამაში ტექსტების შემოწმების შესაძლებლობების შესახებ საჯარო შეხვედრების მოწყობა.

    1. უნივერსიტეტში შექმნილი ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომი, სადოქტორო საფეხურზე შექმნილი კვლევები და ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში, რაც პრევენციული ფორმით მოქმედებს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალზე.
    2. პლაგიატის პრევენციისა და ინფორმირების ამაღლების მიზნით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არსებობს პლაგიატთან და აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ველი სადაც განთავსებულია უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, საინფორმაციო ხასიათის ვიდეო და ტექსტური მასალა, დამოუკიდებლად ნაშრომის პლაგიატზე გადამოწმების ინტერნეტ პროგრამები და სხვა.

    მუხლი 5. პლაგიატის აღმოჩენის მექანიზმები

    1. პლაგიატის აღმოჩენის ძირითადი მექანიზმებია ლექტორის, ნაშრომის ხელმძღვანელის, რეცენზენტის დასკვნა და ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამა.
    2. სტუდენტის შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორი ვალდებულია შეამოწმოს ნაწერი სილაბუსით გათვალისწინებულ ძირითად ლიტერატურასთან და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
    3. ნაშრომის ხელძღვანელი, რეცენზენტი და შემოწმებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი, ვალდებულია ნაშრომი გადაამოწმოს შემდეგი მიმართულებებით:

    ა) ნაშრომის სქოლიოში მითითებული ლიტერატურის შედარება ნაშრომის თავებთან/პარაგრაფებთან/აბზაცებთან;

    ბ) თემასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად ლიტერატურასთან, რომელიც არ არის მითითებული სქოლიოში;

    გ) ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში შემოწმება.

    1. უნივერსიტეტში შექმნილი ყველა სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომი, სადოქტორო საფეხურზე შექმნილი კვლევა, სტატია, პუბლიკაცია, მოხსენება, წიგნი, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურაში საბოლოო სახით წარდგენის მომენტიდან 7 დღის ვადაში სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში. ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამაში მასალის გადამოწმებას უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი.

    მუხლი 6. პლაგიატზე რეაგირების მექანიზმები

    1. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სალექციო კურსის შეფასების ფარგლებში შექმნილ წერით დავალებაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმოს ნაწერი შეფასების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ფაკულტეტის დეკანატს.
    2. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომში არსებული პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი პირი ვალდებულია 3 დღის ვადაში აცნობოს ფაკულტეტის დეკანს. (01-86, 02.08.2018)
    3. დოქტორანტისა და აკადემიური პერსონალის მხრიდან ნაშრომში კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებელი 3 დღის ვადაში მიმართავს რექტორს. (01-86, 02.08.2018)
    4. ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის მიერ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევით კომპონენტში ტექსტური თანხვედრის დაფიქსირების შემთხვევაში, თემის ხელმძღვანელი ახდენს შემოწმებას და ამზადებს ანგარიშს ნაშრომში პლაგიატის შესახებ. თუ ნაშრომში არ აღმოჩნდა პლაგიატი, ამის შესახებ ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს თავის დასკვნაში. თუ თემის ხელმძღვანელის მიერ დადასტურდება პლაგიატის არსებობა ან არსებობის ვარაუდი, საკითხის განხილვა მოხდება ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად. (01-86, 02.08.2018)
    5. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომზე, თემის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სტუდენტის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, წარედგინება რეცენზენტებს, ექსპერტებს და დაცვის კომისიას. (01-86, 02.08.2018)
    6. თუ თემის ხელმძღვანელის ანგარიში ადასტურებს პლაგიატს, ავტორს უფლება აქვს გაითხოვოს ნაშრომი გადასამუშავებლად. გამოთხოვილი ნაშრომის გადამუშავებული ვარიანტის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ სემესტრში. ნაშრომის გათხოვა არ გამორიცხავს დისციპლინური ღონისძიებების გატარებას. (01-86, 02.08.2018)

    მუხლი 7. პლაგიატის დადასტურება და შესაბამისი სანქცია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომისთვის

    1. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შემთხვევის დროს, ფაკულტეტის დეკანი რექტორთან შეთანხმებით განცხადებასა და თანდართულ მასალებს გადასცემს შესაბამისი კომპეტენციის პირს, რომელიც შეისწავლის ნაშრომს და 10 დღის ვადაში წარმოადგენს შესაბამის დასკვნას. დასკვნა განიხილება ფაკულტეტის სააპელაციო კომისიაზე, რომელზეც ასევე მოწვეულია ნაშრომის ავტორი თავისი პოზიციის წარმოსადგენად. პლაგიატის არსებობის/არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სააპელაციო კომისია. (01-86, 02.08.2018)
    2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით უქმდება ნაშრომი და ოქმი დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის გადაეგზავნება რექტორს. (01-86, 02.08.2018)
    3. რექტორის ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იქნება სტუდენტთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია.

    მუხლი 8. პლაგიატის დადასტურება და შესაბამისი სანქცია დოქტორანტისა და აკადემიური პერსონალისათვის

    1. დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის ან სადოქტორო ნაშრომის, ასევე აკადემიური პერსონალის კვლევით საქმიანობაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში 10 დღის ვადაში რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც უნივერსიტეტის პერსონალისგან (თუკი არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი) ასევე გარეშე პირებიდან. (01-86, 02.08.2018)
    2. კომისია შეიმუშავებს საქმის წარმოების პროცედურას და საქმეში გარკვევის შემდეგ, ბრძანების გამოცემიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში გამოიტანს შესაბამის დასკვნას. კომისიის მუშაობა უნდა იყოს კონფიდენციალური და პლაგიატის დადასტურებამდე ზიანი არ უნდა მიაყენოს დოქტორანტის/მეცნიერის პრესტიჟს. (01-86, 02.08.2018)
    3. კომისია ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე. კომისიის დასკვნის შესახებ ეცნობება მოთხოვნის დამრღვევ პირს (შემდგომში - „დამრღვევი“), ასევე საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს (კვლევის პროექტის სპონსორს, პროექტზე მომუშავე ჯგუფის სხვა წევრებს და ა.შ.).
    4. დამრღვევ პირს შესაძლებლობა ეძლევა საპასუხო სიტყვით წარსდგეს კომისიის წინაშე. იმ შემთხვევაში თუ დარღვევის ფაქტი არ დადასტურდება, უნივერსიტეტის რექტორი და შესაბამისი ფაკულტეტი აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს პირის სამეცნიერო რეპუტაციის აღსადგენად.
    5. ამ მუხლის 1-ლი პუქნტით გათვალისწინებული პირის მიმართ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ნაშრომის გაუქმებასთან ერთად, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს შემდეგი დისციპლინური სანქციები:

    ა) მიეცეს გაფრთხილება; ავტორის ყველა სტატია გამოწვეულ იქნას და შემოწმდეს პლაგიატის ან ფალსიფიკაციის თვალსაზრისით; კვლევითი კომპონენტის ხელმეორედ გასავლელად იხდის დამატებით კრედიტის შესაბამის თანხას. (01-86, 02.08.2018)

    ბ) დაწესდეს სპეციალური მონიტორინგი მომავალ საქმიანობაზე;

    გ) შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი (დოქტორანტის შემთხვევაში).

    დ) განთავისუფლდეს აკადემიური თანამდებობიდან.

    მუხლი 9. გასაჩივრება

    1. პლაგიატის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს აკადემიურ საბჭოში გადაწყვეტილების გამოტანიდან 15 დღის ვადაში.
    2. გასაჩივრება შესაძლებელია, თუ დამრღვევი პირი წარმოადგენს დარგის სპეციალისტის (შიდა ან გარე პროფესორი) მიერ წარმოდგენილ დასკვნას პლაგიატის ნორმების არარსებობის შესახებ.
    3. საჩივრის განხილვა ხდება აკადემიურ საბჭოზე საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში.
    4. საჩივრის განხილვაზე მოიწვევა დამრღვევი პირი და საქმის განხილვაში მონაწილე ყველა პირი.
    5. აკადემიურ საბჭოზე განხილვა ხდება მხარეთა პოზიციების მოსმენით.
    6. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე პირთა უმრავლესობით მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ნახევარისა.
    7. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

    1. აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებით.
    2. უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე წესს, ხოლო ად­მი­ნისტ­რაცია ვალდებულია დოკუმენტი განათავსოს ვებ-გვერდზე.
    3. წინამდებარე წესი ძალას კარგავს ახლის დამტკიცების შემთხვევაში.