Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შინაგანაწესი

იხილეთ დოკუმენტის pdf-ვერსია

 

დამტკიცებულია დირექტორის 2013 წლის

21 მაისის ბრძანებით #01-44

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შინაგანაწესი

 

თავი I

 ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. შინაგანაწესის  მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ-დისციპლინარული წესების კრებულს, რომელიც ადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდეგში - უნივერსიტეტი) პერსონალის სამუშაო პირობებს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების და პერსონალის ქცევის წესებს და დადგენილი წესების დარღვევისათვის აწესებს შესაბამის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.

2. ეს შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, საქართველოს შრომის კოდექსისა და უნივერსიტეტის დებულების საფუძველზე.

 

მუხლი 2. შინაგანაწესის შესრულების სავალდებულოობა

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები სპეციალური მითითების გარეშე, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე შინაგანაწესი და დაემორჩილონ დისციპლინარულ პასუხისმგებლობებს.

2. შინაგანაწესით განსაზღვრული რეგულაციებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა პერსონალისა და სტუდენტისათვის.

 

თავი II

უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაო პირობები

მუხლი 3. შრომითი ხელშეკრულება
1. უნივერსიტეტი  დებს შრომით ხელშეკრულებას უნივერსიტეტის პერსონალთან, მათ შორის,  მოწვეულ პედაგოგებთან, რომლითაც განისაზღვრება:

ა) პერსონალის სამუშაო პირობები;

ბ) შრომის ანაზღაურების წესი  და სხვა უფლება-მოვალეობები.

2. შრომითი ხელშეკრულების პირობები შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსისა და ყველა სხვა კანონთა მოთხოვნებს, რომელიც არეგულიერებს შრომით ურთიერთობებს;
3. შრომის ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების მხარეთა მიერ.

4. უნივერსიტეტის შრომითი ურთიერთობის დამყარება დამოკიდებულია სასწავლო წლის ვადებთან და ათვლის წერტილია 1-ლი სექტემბერი. დასაქმებული, რომელიც არ არის კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის აყვანილი, შრომითი ხელშეკრულება უფორმდება 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების გაგრძელება ხდება სასწავლო წლის დატვირთვიდან გამომდინარე 1-ელი სექტემბრიდან ერთი წლის ვადით. (01-91, 31.08.2016)

 

მუხლი 4. სამუშაო დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები.

2. უნივერსიტეტში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

3. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა შაბათი დღის დამატებით.

4. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და მოწვეული პერსონალისათვის სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო დაკავშირებულია აუდიტორული, საკონსულტაციო და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან.

41. ბიბლიოთეკის მუშაობის საათები განისაზღვრება დამოუკიდებლად ბიბლიოთეკის დებულების (სარგებლობის წესი) შესაბამისად. (01-85, 28.06.2017)

5. უნივერსიტეტსა და პერსონალს შორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით შრომის კანონმდებლობის საფუძველზე.

6. შესვენება  14:00სთ. – 15:00სთ.

7. უნივერსიტეტში ლექცია იწყება საათის დასაწყისში და გრძელდება 50 წუთი. (01-47, 20.05.2016)

8. პერსონალი წლის განმავლობაში სარგებლობს 24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულებით. შვებულების შესახებ განცხადება მინიმუმ ხუთი სამუშაო დღით ადრე წარედგინება პერსონალის მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტს. (01-85, 28.06.2017)

9. შვებულების დღეებში შედის კანცლერის ბრძანებით განსაზღვული ზაფხულის და საახალწლო არდადეგების პერიოდის  სამუშაო დღეები. დასაქმებულს, რომელსაც არ სურს არდადეგების პერიოდში შვებულების დღეების გამოყენება, ვალდებულია მინიმუმ ორი დღით ადრე აცნობოს პერსონალის მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტს არდადეგების პერიოდში შვებულების გამოყენებაზე უარის შესახებ და ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში სრული სამუშაო გრაფიკით. (01-85, 28.06.2017)

10. პირი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ცხადდება სამსახურში, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს პერსონალის მართვისა და საქმის წარმოების დეპარტამენტს და სამსახურში გამოცხადების შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა. თუ დასაქმებული ვერ წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას ან სამსახურს აცდენს სხვა პირადი მიზეზით, ვალდებულია მოითხოვოს შვებულება. ამ მუხლისგან განსხვავებულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. (01-85, 28.06.2017)

 

მუხლი 5. დასვენების დღეები

1. უნივერსიტეტში დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, გარდა მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. უნივერსიტეტი ისვენებს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ დასვენების დღეებში.

3. უნივერსიტეტის კანცლერის/რექტორის ბრძანებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს დასვენების დღეები, რომლებსაც არ ითვალისწინებს შრომის კოდექსი. ამ პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად დადგენილი დასვენების დღე არ ჩაითვლება შრომის კოდექსით დადგენილ შვებულების დღეების რიცხვში. (01-85, 28.06.2017)

 

 

თავი III

პერსონალის უფლება-მოვალეობები

 

მუხლი 6. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები (01-47, 20.05.2016)

უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია:

  1. წარმოადგინოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ფორმაში იმ სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსები, რომლებსაც კითხულობს მიმდინარე სემესტრში ან პოტენციურად შეუძლია წაიკითხოს აკადემიური პროგრამის ფარგლებში შემდგომ სემესტრებში.
  2. გაუძღვეს კონკრეტულ სასწავლო კურსს/კურსებს წარმოდგენილ სილაბუსში მოცემული განრიგის შესაბამისად. უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის წარმომადგენელი (რექტორი, რექტორის მოადგილე, დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი) უფლებამოსილია დაესწროს ლექციებსა და სემინარებს.
  3. მუდმივად განაახლოს და დახვეწოს სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი და შესაბამისობაში მოიყვანოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებთან და უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სილაბუსის ფორმაში შეტანილ ცვლილებებთან.
  4. გააცნოს სტუდენტებს სასწავლო კურსის სილაბუსი პირველ ლექციაზე.
  5. საჭიროების შემთხვევაში გამოყოს კონსულტაციის დრო ლექციის წინ ან ლექციის შემდეგ. კონსულტაციისათვის გამოყოფილი დრო არ იქნება ანაზღაურებადი.
  6. დროულად გამოცხადდეს ლექციაზე. დაგვიანების ან/და გაცდენის შემთხვევაში გააფრთხილოს დეკანატი წინასწარ. 10 წუთის დაგვიანების შემდგომ აღნიშნული სალექციო საათი არ ანაზღაურდება;
  7. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად შექმნას მის მიერ განხორციელებადი პროგრამის ელექტრონული ვერსია;

8. უნივერსიტეტში მოსვლის და გასვლის დროს გაატაროს ბარათი, ჩატარებული ლექცია-სემინარების/პრაქტიკული მეცადინეობების აღრიცხვა/მონიტორინგის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ლექტორს დაავიწყდება ბარათი, ვალდებულია დაწეროს განცხადება მონიტორინგის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში საფინანსო დეპარტამენტის მიერ არ მოხდება შესაბამისი ლექციის ანაზღაურება.

9. ლექცია-სემინარებიდან/პრაქტიკული მეცადინეობებიდან სტუდენტების ადრე გაშვების შემთხვევაში, აღნიშნული საათი არ ანაზღაურდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლექტორმა გამოიყენა შესვენებები და გადააბა ლექცია-სემინარები/პრაქტიკული მეცადინეობები.

10. ყოველი კვირის ბოლოს შეიტანოს სტუდენტის შუალედური შეფასებები კსუ-ს ელექტრონულ სასწავლო ბაზაში.

11. უქმე დღეებში გაცდენილი ლექცია/სემინარის აღდგენა უნდა მოხდეს სასწავლო/სამუშაო დღეებში ჯგუფების ცხრილის გათვალისწინებით დეკანატთან შეთანხმებით (შუალედურ გამოცდამდე გაცდენილი საათები უნდა აღდგეს შუალედური გამოცდების დაწყებამდე, შესაბამისად - დასკვნითი გამოცდების შემთხვევაში).

12. წინასწარ დაგეგმილი მივლინების შემთხვევაში დროულად აცნობოს დეკანატს ლექციების მოსალოდნელი გაცდენის შესახებ და სთხოვოს კოლეგას გაცდენილი საათების ჩატარება. თუ ლექტორს მოულოდნელად უხდება ლექციის გაცდენა, ის ვალდებულია, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის დეკანატს,  შემდგომ დეკანთან ერთად დაგეგმოს გაცდენილი საათის აღდგენა და ამის შესახებ აცნობოს მონიტორინგის სამსახურს;

13. უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოახდინოს საკითხავი და დამატებითი მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტუდენტებისთვის გადაგზავნა.

14. სემესტრის დაწყებიდან მე-4 კვირის ბოლომდე საგამოცდო ცენტრის ელ.ფოსტაზე გადააგზავნოს შუალედური გამოცდისთვის მომზადებული კომბინირებული საგამოცდო დავალება (თეორიული საკითხები, ტესტები, ღია თუ დახურული კითხვები, კაზუსები, მაგალითები და ა.შ.), ხოლო მე-12 კვირის ბოლოს - დასკვნითი გამოცდისთვის მომზადებული კომბინირებული საგამოცდო დავალება (თეორიული საკითხები, ტესტები, ღია თუ დახურული კითხვები, კაზუსები, მაგალითები და ა.შ.).

15. თუკი საგანს რამდენიმე პედაგოგი კითხულობს, წარმოადგინონ შეჯერებული საგამოცდო დავალება, რათა სტუდენტების გამოცდა ერთიანი, უნიფიცირებული საგამოცდო დავალებით მოხდეს.

16. ლექტორის მიერ წარმოდგენილ უნდა იყოს საგამოცდო მასალის 4 (ოთხი), განსხვავებული ვარიანტი, იმ ფორმით, რომ მასშიარცერთი თეორიული საკითხი, ტესტი, ღია თუ დახურული კითხვა, კაზუსი თუ მაგალითი არ უნდა მეორდებოდეს.

17. ყოველ მომდევნო სემესტრში გადახედოს საგამოცდო დავალებებს, შეიტანოს ცვლილებები, გადააადგილოს საკითხები, რაც სტუდენტთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

18. გამოცდის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში დეკანატიდან წაიღოს საგამოცდო ნამუშევრები, ხოლო არაუგვიანეს მე-7 დღეს, ასახოს საგამოცდონიშნები სასწავლო ელექტრონულ ბაზაში.

19. დამატებითი გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში ხელმოწერილი უწყისები და შესრულებული საგამოცდო ნამუშევრები ჩააბაროს სტუდენტთა მომსახურების ცენტრს.

20. თუკი, ობიექტური მიზეზების გამო, მე-18 და მე-19 პუნქტში მითითებულ ვადებში ლექტორი ვერ ახდენს საგამოცდო დავალების ელ.ფოსტაზე გადაგზავნას, ასევე 7 დღის ვადაში ნიშნების შეტანას   ელექტრონულ ბაზაში და შესრულებული საგამოცდო ტესტების ჩაბარებას, ის ვალდებულია დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი რექტორის სახელზე.

21. იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა საგამოცდო დავალების წარმოდგენის, შესრულებული საგამოცდო ტესტების ჩაბარების  და ელექტრონულ ბაზაში ნიშნების შეტანის ვადები, და ლექტორის მიერ არ იქნა დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათი, მაშინ ლექტორს პირველ შემთხვევაში ოფიციალურად გამოეცხადება გაფრთხილება, მეორე შემთხვევაში - საყვედური, ხოლო მესამე შემთხვევაში - თითოეულ გადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით.

22. CV და მონაცემები უნივერსიტეტის სამეცნიერო პორტალისთვის და დათქმულ დროს მიაწოდოს მასალები ადმინისტრაციას.

23. დაესწროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს/თათბირებს;

24. სასწავლო წლის მანძილზე მოამზადოს და ხელძღვანელობა გაუწიოს 1-3 სტუდენტს საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად;

25. სასწავლო წლის მანძილზე დაწეროს და გამოაქვეყნოს სტატია უნივერსიტეტის ბეჭდვით გამოცემაში.

 

მუხლი 61. პერსონალის უფლება-მოვალეობები (01-111, 23.12.2015)

1. პერსონალი, გარდა ამ შინაგანაწესითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული შრომითი უფლებებისა, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ყველა უფლებით.

2. პერსონალი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაიცვას უნივერსიტეტის დებულება, შინაგანაწესი, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ბ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

გ) ნებართვის გარეშე არ გაიტანოს უნივერსიტეტის ტერიტორიიდან რაიმე ნივთი, საბუთები, არქივები, ჩანაწერები, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ მოიპოვებს მომსახურების გაწევის პროცესში;

დ) დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის პერიოდში შექმნილ ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის ნაწარმოებზე და კანონმდებლობით განსაზღვრულ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ნებისმიერი ფორმის და შინაარსის ობიექტზე სრულად ვრცელდება უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავს დასაქმებულის ნებისმიერ უფლებას და პრეტენზიას ამგვარ უფლებაზე სამსახურებრივი ნაწარმოების მიმართ;

ვ) შრომითი ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუბრუნოს დამსაქმებელს ყველა დოკუმენტი, ჩანაწერი, დამკვეთის საკუთრება, რომელიც დასაქმებულის დროებით განკარგულებაში იმყოფებოდა მომსახურების გასაწევად  (წიგნები, გასაღებები, კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სხვა) და არ მოახდინოს მათი ასლების გადაღება და კონსპექტირება;

ზ) შრომითი ხელშეკრულების ნებისმიერი პირობით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული უფლებამოსილია უზრუნველყოს სამუშაოსა და მასთან დაკავშირებული ყველა ნივთისა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაბარება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა თანამშრომელზე, რაც მხარეთა შორის ფორმდება წერილობით. აღნიშნული ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს უნივერსიტეტის მხრიდან საბოლოო ანგარიშსწორების აუცილებელ წინაპირობას.

 

თავი IV

ხელფასის გაცემის პირობები

მუხლი 7. ხელფასის გაცემა

1. პერსონალისთვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

2. შრომის ანაზღაურება ხდება უნივერსიტეტის კანცლერსა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის მიხედვით.

3. იმ აკადემიური პერსონალის ანაზღაურება, რომელთა ხელფასი განისაზღვრება საათობრივი დატვირთვით, ხდება მონიტორინგის სამსახურის მიერ თვის განმავლობაში აღწერილი ჩატარებული ლექციების შესაბამისად.

4. პერსონალი ვალდებულია, საბანკო ანგარიში გახსნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ბანკში.

 

მუხლი 8. ხელფასის გაცემის დრო

1. უნივერსიტეტის პერსონალს ხელფასი ეძლევა თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირის განმავლობაში.

2. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება გამოითვლება ჩატარებული სალექციო მეცადინეობების მიხედვით, ხელფასი მიეცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

3. უნივერსიტეტი იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით ხელფასის გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

 

81. აკადემიური პერსონალის ანაზღაურების წესი (01-72, 01.09.2015)

1.  ლექტორის (პროფესორი, მოწვეული ლექტორი) დატვირთვის მიხედვით სემესტრის დასაწყისში ჯამდება სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი საათები პრინციპით - 13 კვირა x კვირის დატვირთვაზე და პლიუს ერთ ჯგუფზე 6 საათი (3 შუალედური და 3 დასკვნითი გამოცდის საათი).

2. სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი საათების რაოდენობა მრავლდება ლექტორის საათობრივ ანაზღაურებაზე, რაც შეადგენს მთელი სემესტრის განმავლობაში მისაღებ თანხას.

3. სემესტრის განმავლობაში მისაღები საერთო თანხის საშუალო თვიური ანაზღაურება  შეადგენს საერთო სემესტრული მისაღები თანხის მეხუთედ ნაწილს.

4. სემესტრის განმავლობაში (5 თვე) ყოველთვიურად გაიცემა ერთი და იგივე ხელფასი დადგენილი საშუალო თვიური ანაზღაურებით.

5. ლექტორი ვალდებულია შეასრულოს სილაბუსით გაწერილი სასწავლო პროგრამა. მონიტორინგის სამსახური და ფაკულტეტის დეკანატი ამოწმებს ლექტორმა შეასრულა თუ არა 13 სასწავლო კვირის დატვირთვა, გამოცდები და აღადგინე თუ არა გაცდენილი საათები. ჩაუტარებელი ლექციების ანაზღაურება მოაკლდება მე-5 თვის ხელფასს.

6. ლექტორი, რომელსაც ხელშეკრულებით დადგენილი აქვს 12 თვიანი ანაზღაურება და ევალება ყოველკვირეულად გარკვეული რაოდენობის საათების ჩატარება, მათი ანაზღაურების დათვლა მოხდება შემდეგი წესით:

  • გადაანგარიშდება 5 თვეზე ჩასატარებელი სავალდებულო არაანაზღაურებადი ლექციები;
  • ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გამოითვლება სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი საათების რაოდენობის ჯამი;
  • სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელ საათებსა და სავალდებულოდ ჩასატარებელ არაანაზღაურებად საათებს შორის სხვაობა ანაზღაურდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საათობრივი ანაზღაურების გათვალისწინებით 5 თვეზე გადანაწილების პრინციპით.

7. სემესტრების მიხედვით ანაზღაურება მოხდება შემდეგ თვეებში:

შემოდგომის სემესტრი: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი.

გაზაფხულის სემესტრი: მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი.

8. იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში პროგრამის/სწავლების საფეხურის/სწავლების ენის მიხედვით გაწერილია სწავლის დაწყების რამდენიმე სხვადასხვა დრო, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ანაზღაურების გაცემა შესაძლებელია მოხდეს ყოველთვიურად ჩატარებული საათების მიხედვით. ანაზღაურების ამ წესის გამოყენების შემთხვევაში, სემესტრის დაწყებისას ეცნობება დასაქმებულს. (01-47, 20.05.2016)

9. ანაზღაურების რეგულაციის მიზნებისათვის, ერთ ჯგუფზე შუალედური და დასკვნითი გამოცდა განისაზღვრება 3-3 აკადემიური საათით. (01-47, 20.05.2016)

10. იმ შემთხვევაში, თუ ლექციასა და სემინარს უძღვება სხვადასხვა პირი, შუალედური გამოცდის ჩატარება/გასწორება ევალება სემინარის ხელმძღვანელს, ხოლო დასკვნითი და დამატებითი გამოცდის ჩატარება - ლექციის ხელმძღვანელს. დასკვნითი გამოცდის საათები ითვლება ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო დამატებითი გამოცდისათვის ყოველ 40 სტუდენტამდე 3 საათი. (01-47, 20.05.2016)

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, 12 თვიანი ანაზღაურების მქონე ლექტორების ყოველთვიური სავალდებულო უფასო დატვირთვა შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვირის მინიმალური დატვირთვის ნამრავლი ოთხზე. ზედმეტად ჩატარებული საათების ანაზღაურება მოხდება პრინციპით, - თვის განმავლობაში ჩატარებული საათების ჯამს გამოკლებული ყოველთვიური სავალდებულო საათობრივი დატვირთვა (შუალედური და დასკვნითი გამოცდების პერიოდი ითვლება ერთ კვირად). (01-47, 20.05.2016)

 

თავი V

პერსონალის წახალისების ფორმები

მუხლი 9. წამახალისებელი ღონისძიებები

1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ღონისძიებები:

1.1. მადლობის გამოცხადება;

1.2. ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

1.3. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

1.4. თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება;

2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.

 

თავი VI

უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სავალდებულო ქცევის წესები და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები

მუხლი 10. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები

1. შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების მიმართ გამოიყენება დისციპლინარული პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები:

1.1. გაფრთხილება;

1.2. საყვედური;

1.3. დაჯარიმება/ ხელფასის დაქვითვა;

1.3.1 საგნ(ებ)ის რეგისტრაციის გაუქმება (სტუდენტის შემთხვევაში); (01-111, 23.12.2015)

1.4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა (სტუდენტის შემთხვევაში);

1.5. სამსახურიდან გათავისუფლება (პერსონალის შემთხვევაში).

2. შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინარული პასუხისმგებლობის რამდენიმე ფორმა.

 

მუხლი 11. თამბაქოს აკრძალვის წესი

1. უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე აკრძალულია თამბაქოს მოხმარება.

2. უნივერსიტეტის პერსონალის მიერ თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 20 ლარის დაქვითვა და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 50 ლარის დაქვითვა და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 100 ლარის დაქვითვა ან სამსახურიდან გათავისუფლება.

3. სტუდენტის მიერ თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში -  20 ლარი ჯარიმა  და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში -  50 ლარი ჯარიმა  და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში -  100 ლარი ჯარიმა  ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

4.  თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოხსენებას რექტორის სახელზე ახდენს დაცვის სამსახურის უფროსი, ხოლო სათანადო წარმოების ჩატარების შემდეგ, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.

 

მუხლი 12. ალკოჰოლისა და აზარტული თამაშების აკრძალვის წესი

1. უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და აზარტული თამაშები.

2. უნივერსიტეტის პერსონალის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 20 ლარის დაქვითვა და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 50 ლარის დაქვითვა და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 100 ლარის დაქვითვა ან სამსახურიდან გათავისუფლება.

3. სტუდენტის მიერ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში -  20 ლარი ჯარიმა  და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში -  50 ლარი ჯარიმა  და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში -  100 ლარი ჯარიმა  ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოხსენებას რექტორის სახელზე ახდენს დაცვის სამსახურის უფროსი, ხოლო სათანადო წარმოების ჩატარების შემდეგ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.

 

მუხლი 13. ლიფტით სარგებლობის წესი

1. უნივერსიტეტის შენობაში მცირე ლიფტით სარგებლობა შესაძლებელია ერთდროულად არაუმეტეს 4 პირის მიერ, ხოლო დიდი ლიფტით სარგებლობა - არაუმეტეს 20 პირისა.

2. ლიფტში დაშვებული მგზავრების ზღვრული ოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ლიფტის ყველა შესასვლელთან, რომლის კონტროლიც ევალება დაცვის სამსახურს.

3. პირ(ებ)ს, რომელიც დაარღვევს ლიფტში მგზავრების რაოდენობის დადგენილ ზღვრული ოდენობის  ნორმას, დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

4. ლიფტით სარგებლობის წესის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დისციპლინარული ღონისძიებები:

      ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში - 20 ლარი ჯარიმა და გაფრთხილება;

      ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში - 50 ლარი ჯარიმა და საყვედური;

      გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში - 100 ლარი ჯარიმა ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

5. დარღვევის დაფიქსირებას ახორციელებს დაცვის სამსახურის უფროსი, რომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენებას განსაზღვრავს რექტორი.

 

მუხლი 14. პასუხისმგებლობა ქონებრივი ზიანისთვის

1. სტუდენტის ან პერსონალის მხრიდან უნივერსიტეტის ქონებაზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება  ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უნივერსიტეტის ქონების დაზიანების შემთხვევაში გადაიხდება ჯარიმა მიყენებული ზარალის ფულადი გამოხატულების შესაბამისად.

3. მიყენებული ქონებრივი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე, ჯარიმასთან ერთად გამოყენებული იქნება ერთ-ერთი დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიება, როგორიცაა: გაფრთხილება, საყვედური ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი სასმელი წყლის რეზერვუარის დაზიანება, წყლის არასათანადოდ გამოყენება ან წყლის საშუალებით ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედება ისჯება:

ა) პირველ შემთხვევაში - 50 ლარი ჯარიმა და გაფრთხილება;

ბ) განმეორებით შემთხვევაში - 100 ლარი ჯარიმა და საყვედური ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

 

მუხლი 15. უნივერსიტეტში მოქმედი ეთიკის ნორმები

1. უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები უნივერსიტეტის პერსონალთან და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობაში.

2. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პერსონალს და სტუდენტებს ეკრძალებათ:

ა. ხმაური და მეცადინეობებისთვის ხელის შეშლა;

ბ. ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება;

1. ფიზიკური მდგომარეობა (ჩაცმულობა, ტატუირება, ვიზუალური მდგომარეობა), რომელიც შეუფერებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალისა და სტუდენტისათვის. (01-90, 01.09.2014)

გ. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა;

დ. ცეცხლსასროლი, გაზის ან საფანტის იარაღით შემოსვლა (თუ სტუდენტს/თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს იარაღი, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგი ვალდებულია ჩააბაროს იარაღი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებამდე);

ე. უნივერსიტეტის ინვენტარის დაზიანება (დიციპლინარულ პასუხისგებლობასთან ერთად დაეკისრება მიყენებული ზიანის შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულება);

ვ. ყალბი დოკუმენტის გამოყენება;

ზ. გამოცდის შედეგების გაყალბება ან სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება;

თ. ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც მიმართულია სასწავლო პროცესის ჩაშლისკენ;

ი. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქურდობა, ხულიგნობა ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

კ. პლაგიატი.

ლ. უნივერსიტეტის პერსონალის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა, კანონიერი მოთხოვნის უხეში დაუმორჩილებლობა ან სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ და უხეშად არღვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამკვიდრებული ქცევის ნორმებს. (01-111, 23.12.2015)

3. სტუდენტის პირადი შეხედულებები, გამოთქმული უნივერსიტეტის პერსონალის თანდასწრებით, აგრეთვე პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა უნივერსიტეტის პერსონალისთვის სასწავლო პროცესის განხორციელებისას კონფიდეციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სტუდენტის თანხმობა ინფორმაციის გამჟღვნებაზე ან საკითხი ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კანონიერ უფლებას ადმინისტრაციის მხრიდან. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გაცემის პროცედურების განხორციელებისას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით;

4. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ნებისმიერი კანონიერი განკარგულება სავალდებულოა სტუდენტისათვის;

5. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის  შემთხვევაში დაცვის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს საჭირო ზომები დამრღვევის მიმართ, ხოლო თუ ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული დარღვევისა და დანაშაულის ნიშნებს, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია შესაბამისი რეაგირებისათვის.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინარული ღონისძიების გამოყენება განისაზღვრება დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

 

მუხლი 16. დისციპლინარული სახდელის გასაჩივრება

1. შეფარდებული სახდელის თაობაზე საჩივარი ერთი კვირის ვადაში შეიძლება შეტანილ იქნეს რექტორის სახელზე, რომელიც ან ტოვებს სასჯელს უცვლელად ან ნიშნავს  მოკვლევას და მოკვლევის დასკვნას წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
2.  სტუდენტის საჩივარი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განიხილება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება გასაჩივრებას  მხოლოდ სასამართლოში.

 

მუხლი 161. პერსონალურ მონაცემთა დაცვა (01-111, 23.12.2015)

1. უნივერსიტეტი ვალდებულია დაიცვას დასაქმებულთა და სტუდენტთა შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემები და უზრუნველყოს მათი დაცვა.

2. უნივერსიტეტს უფლება აქვს დაამუშაოს ის პერსონალური მონაცემები, რომელიც საჭიროა პირის იდენტიფიკაციის, მიღებული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დადასტურებისათვის.

3. უნივერსიტეტი ვალდებულია სასწავლო შენობის გარე პერიმეტრზე და შენობის შიგნით ვიდეოთვალთვალის არეში ადვილად შესამჩნევ ადგილას განათავსოს წარწერა "ვიდეო კონტროლი".

4. ვიდეო თვალის მონაცემების კონტროლზე და დამუშავებაზე პასუხისმგებლობა აქვს დაცვის სამსახურს.

5. ვიდეო თვალის ჩანაწერების ნახვის უფლება აქვს მხოლოდ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, კანცლერს, კანცლერის მოადგილეს და რექტორს (საგამოცდო ცენტრში ასევე საგამოცდო ცენტრის თანამშრომელს). სამართალდამცავი ორგანოებისთვისა და სხვა მესამე პირისათვის ვიდეო ჩანაწერის გადაცემა ხდება კანცლერის ან კანცლერის მოადგილის თანხმობით.

 

მუხლი 17. დასკვნითი დებულებები

1. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და უნივერსიტეტის პერსონალი მოქმე­დებენ წინამდე­ბარე შინაგანაწესის საფუძველზე და ვალდებულნი არიან დაიცვან შესაბამისი წესები;

2. შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის დირექტორის ბრძანებით.

3. უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე შინაგანაწესს, ხოლო ად­მი­ნისტ­რაცია ვალდებულია ნებისმიერ დროს მისცეს თანამშრომლებს მისი გაცნობის შესაძლებ­ლობა;

4. წინამდებარე დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების  შემთხვევაში.

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;