Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შინაგანაწესი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

დამტკიცებულია დირექტორის 2013 წლის

21 მაისის ბრძანებით #01-44

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შინაგანაწესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. შინაგანაწესის  მოქმედების სფერო

1. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ-დისციპლინარული წესების კრებულს, რომელიც ადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდეგში - უნივერსიტეტი) პერსონალის სამუშაო პირობებს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების და პერსონალის ქცევის წესებს და დადგენილი წესების დარღვევისათვის აწესებს შესაბამის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.

2. ეს შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის, საქართველოს შრომის კოდექსისა და უნივერსიტეტის დებულების საფუძველზე.

 

მუხლი 2. შინაგანაწესის შესრულების სავალდებულოობა

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები სპეციალური მითითების გარეშე, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე შინაგანაწესი და დაემორჩილონ დისციპლინარულ პასუხისმგებლობებს.

2. შინაგანაწესით განსაზღვრული რეგულაციებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობების შესრულება სავალდებულოა უნივერსიტეტის ყველა პერსონალისა და სტუდენტისათვის.

 

თავი II

უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაო პირობები

 

მუხლი 3. შრომითი ხელშეკრულება
1. უნივერსიტეტი  დებს შრომით ხელშეკრულებას უნივერსიტეტის პერსონალთან, მათ შორის,  მოწვეულ პედაგოგებთან, რომლითაც განისაზღვრება:

ა) პერსონალის სამუშაო პირობები;

ბ) შრომის ანაზღაურების წესი  და სხვა უფლება-მოვალეობები.

2. შრომითი ხელშეკრულების პირობები შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსისა და ყველა სხვა კანონთა მოთხოვნებს, რომელიც არეგულიერებს შრომით ურთიერთობებს;
3. შრომის ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების მხარეთა მიერ. 

 

მუხლი 4. სამუშაო დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც პერსონალი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები.

2. უნივერსიტეტში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

3. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა შაბათი დღის დამატებით.

4. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და მოწვეული პერსონალისათვის სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო დაკავშირებულია აუდიტორული, საკონსულტაციო და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან.

5. უნივერსიტეტსა და პერსონალს შორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით შრომის კანონმდებლობის საფუძველზე.

6. შესვენება  14:00სთ. – 15:00სთ.

 

მუხლი 5. დასვენების დღეები

1. უნივერსიტეტში დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, გარდა მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. უნივერსიტეტი ისვენებს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ დასვენების დღეებში.

3. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს დასვენების დღეები, რომლებსაც არ ითვალისწინებს შრომის კოდექსი.

 

თავი III

პერსონალის უფლება-მოვალეობები

მუხლი 6. უფლებათა ფარგლები

პერსონალი, გარდა ამ შინაგანაწესითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული შრომითი უფლებებისა, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ყველა უფლებით.

 

მუხლი 6. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები

უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია:

  1. წარმოადგინოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ფორმაში იმ სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსები, რომლებსაც კითხულობს მიმდინარე სემესტრში ან პოტენციურად შეუძლია წაიკითხოს აკადემიური პროგრამის ფარგლებში შემდგომ სემესტრებში.
  2. გაუძღვეს კონკრეტულ სასწავლო კურსს/კურსებს წარმოდგენილ სილაბუსში მოცემული განრიგის შესაბამისად. უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის წარმომადგენელი (რექტორი, რექტორის მოადგილე, დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი) უფლებამოსილია დაესწროს ლექციებსა და სემინარებს.
  3. მუდმივად განაახლოს და დახვეწოს სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი და შესაბამისობაში მოიყვანოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებთან და უნივერსიტეტის მიერ დადგენილ სილაბუსის ფორმაში შეტანილ ცვლილებებთან.
  4. გააცნოს სტუდენტებს სასწავლო კურსის სილაბუსი პირველ ლექციაზე.
  5. საჭიროების შემთხვევაში გამოყოს კონსულტაციის დრო ლექციის წინ ან ლექციის შემდეგ. კონსულტაციისათვის გამოყოფილი დრო არ იქნება ანაზღაურებადი.
  6. შეადგინოს შუალედური და ფინალური გამოცდის ტესტები სილაბუსის მოთხოვნების შესაბამისად, რაც გულისხმობს ღია და დახურულ კითხვებს;
  7. შუალედურ და ფინალურ გამოცდამდე ერთი კვირით ადრე წარმოადგინოს საგამოცდო ტესტები ელექტრონული სახით;
  8. შუალედური და ფინალური გამოცდების დროს დაესწროს გამოცდებს და მკაცრად გააკონტროლოს სტუდენტები. ადმინისტრაციის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან დაესწრონ გამოცდებს;
  9. არ დაუშვას შუალედურ და ფინალურ გამოცდებზე ის სტუდენტები, რომლებსაც ერიცხებათ  ფინანსური დავალიანება. აღნიშნული ინფორმაცია მას მიეწოდება შესაბამის დეკანატში;
  10. შუალედური და ფინალური გამოცდებიდან ერთი კვირის შემდეგ დეკანატში წარმოადგინოს შევსებული უწყისები  და შედეგები შეიყვანოს  ელექტრონულ ბაზაში; 
  11. დროულად გამოცხადდეს ლექციაზე. დაგვიანების ან/და გაცდენის შემთხვევაში გააფრთხილოს დეკანატი წინასწარ. 20 წუთის დაგვიანების შემდგომ აღნიშნული სალექციო საათი არ ანაზღაურდება;
  12. აღადგინოს გაცდენილი საათები სემესტრის დასრულებამდე;
  13. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად შექმნას მის მიერ განხორციელებადი პროგრამის ელექტრონული ვერსია;
  14. დაესწროს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს/თათბირებს;
  15. სასწავლო წლის მანძილზე მოამზადოს და ხელძღვანელობა გაუწიოს 1-3 სტუდენტს საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად;
  16. სასწავლო წლის მანძილზე დაწეროს და გამოაქვეყნოს სტატია უნივერსიტეტის ბეჭდვით გამოცემაში.

 

თავი IV

ხელფასის გაცემის პირობები

მუხლი 7. ხელფასის გაცემა

1. პერსონალისთვის შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ოდენობისა და ხარისხის მიხედვით პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

2. შრომის ანაზღაურება ხდება უნივერსიტეტის დირექტორსა და დასაქმებულს შორის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის მიხედვით.

3. იმ აკადემიური პერსონალის ანაზღაურება, რომელთა ხელფასი განისაზღვრება საათობრივი დატვირთვით, ხდება მონიტორინგის სამსახურის მიერ თვის განმავლობაში აღწერილი ჩატარებული ლექციების შესაბამისად.

4. პერსონალი ვალდებულია, საბანკო ანგარიში გახსნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ბანკში.

 

მუხლი 8. ხელფასის გაცემის დრო

1. უნივერსიტეტის პერსონალს ხელფასი ეძლევა თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირის განმავლობაში.

2. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება გამოითვლება ჩატარებული სალექციო მეცადინეობების მიხედვით, ხელფასი მიეცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.

3. უნივერსიტეტი იხსნის პასუხისმგებლობას საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით ხელფასის გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

 

თავი V

პერსონალის წახალისების ფორმები

მუხლი 9. წამახალისებელი ღონისძიებები

1. სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ღონისძიებები:

1.1. მადლობის გამოცხადება;

1.2. ერთჯერადი ფულადი ჯილდო;

1.3. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

1.4. თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება;

2. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.

 

თავი VI

უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სავალდებულო ქცევის წესები და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები

მუხლი 10. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ფორმები

1. შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების მიმართ გამოიყენება დისციპლინარული პასუხისმგებლობის შემდეგი ღონისძიებები:

1.1. გაფრთხილება;

1.2. საყვედური;

1.3. დაჯარიმება/ ხელფასის დაქვითვა;

1.4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა (სტუდენტის შემთხვევაში);

1.5. სამსახურიდან გათავისუფლება (პერსონალის შემთხვევაში).

2. შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინარული პასუხისმგებლობის რამდენიმე ფორმა.

 

მუხლი 11. თამბაქოს აკრძალვის წესი

1. უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე აკრძალულია თამბაქოს მოხმარება.

2. უნივერსიტეტის პერსონალის მიერ თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 20 ლარის დაქვითვა და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 50 ლარის დაქვითვა და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 100 ლარის დაქვითვა ან სამსახურიდან გათავისუფლება.

3. სტუდენტის მიერ თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში -  20 ლარი ჯარიმა  და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში -  50 ლარი ჯარიმა  და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში -  100 ლარი ჯარიმა  ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

4.  თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევის შემთხვევაში მოხსენებას რექტორის სახელზე ახდენს დაცვის სამსახურის უფროსი, ხოლო სათანადო წარმოების ჩატარების შემდეგ, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.

 

მუხლი 12. ალკოჰოლისა და აზარტული თამაშების აკრძალვის წესი

1. უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და აზარტული თამაშები.

2. უნივერსიტეტის პერსონალის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 20 ლარის დაქვითვა და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 50 ლარის დაქვითვა და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში - ხელფასიდან 100 ლარის დაქვითვა ან სამსახურიდან გათავისუფლება.

3. სტუდენტის მიერ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს:

ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში -  20 ლარი ჯარიმა  და გაფრთხილება;

ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში -  50 ლარი ჯარიმა  და საყვედური;

გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში -  100 ლარი ჯარიმა  ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოხსენებას რექტორის სახელზე ახდენს დაცვის სამსახურის უფროსი, ხოლო სათანადო წარმოების ჩატარების შემდეგ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.

 

მუხლი 13. ლიფტით სარგებლობის წესი

1. უნივერსიტეტის შენობაში მცირე ლიფტით სარგებლობა შესაძლებელია ერთდროულად არაუმეტეს 4 პირის მიერ, ხოლო დიდი ლიფტით სარგებლობა - არაუმეტეს 20 პირისა.

2. ლიფტში დაშვებული მგზავრების ზღვრული ოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ლიფტის ყველა შესასვლელთან, რომლის კონტროლიც ევალება დაცვის სამსახურს.

3. პირ(ებ)ს, რომელიც დაარღვევს ლიფტში მგზავრების რაოდენობის დადგენილ ზღვრული ოდენობის  ნორმას, დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობა.

4. ლიფტით სარგებლობის წესის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დისციპლინარული ღონისძიებები:

      ა. პირველი დარღვევის შემთხვევაში - 20 ლარი ჯარიმა და გაფრთხილება;

      ბ. მეორე დარღვევის შემთხვევაში - 50 ლარი ჯარიმა და საყვედური;

      გ. მესამე დარღვევის შემთხვევაში - 100 ლარი ჯარიმა ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

5. დარღვევის დაფიქსირებას ახორციელებს დაცვის სამსახურის უფროსი, რომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენებას განსაზღვრავს რექტორი.

 

მუხლი 14. პასუხისმგებლობა ქონებრივი ზიანისთვის

1. სტუდენტის ან პერსონალის მხრიდან უნივერსიტეტის ქონებაზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება  ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უნივერსიტეტის ქონების დაზიანების შემთხვევაში გადაიხდება ჯარიმა მიყენებული ზარალის ფულადი გამოხატულების შესაბამისად.

3. მიყენებული ქონებრივი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე, ჯარიმასთან ერთად გამოყენებული იქნება ერთ-ერთი დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიება, როგორიცაა: გაფრთხილება, საყვედური ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი სასმელი წყლის რეზერვუარის დაზიანება, წყლის არასათანადოდ გამოყენება ან წყლის საშუალებით ქონებაზე უარყოფითი ზემოქმედება ისჯება:

ა) პირველ შემთხვევაში - 50 ლარი ჯარიმა და გაფრთხილება;

ბ) განმეორებით შემთხვევაში - 100 ლარი ჯარიმა და საყვედური ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

 

მუხლი 15. უნივერსიტეტში მოქმედი ეთიკის ნორმები

1. უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები უნივერსიტეტის პერსონალთან და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობაში.

2. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პერსონალს და სტუდენტებს ეკრძალებათ:

ა. ხმაური და მეცადინეობებისთვის ხელის შეშლა;

ბ. ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება;

გ. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა;

დ. ცეცხლსასროლი, გაზის ან საფანტის იარაღით შემოსვლა (თუ სტუდენტს/თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს იარაღი, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგი ვალდებულია ჩააბაროს იარაღი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებამდე);

ე. უნივერსიტეტის ინვენტარის დაზიანება (დიციპლინარულ პასუხისგებლობასთან ერთად დაეკისრება მიყენებული ზიანის შესაბამისი თანხის გადახდის ვალდებულება);

ვ. ყალბი დოკუმენტის გამოყენება;

ზ. გამოცდის შედეგების გაყალბება ან სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება;

თ. ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც მიმართულია სასწავლო პროცესის ჩაშლისკენ;

ი. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქურდობა, ხულიგნობა ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

კ. პლაგიატი.

3. სტუდენტის პირადი შეხედულებები, გამოთქმული უნივერსიტეტის პერსონალის თანდასწრებით, აგრეთვე პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა უნივერსიტეტის პერსონალისთვის სასწავლო პროცესის განხორციელებისას კონფიდეციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სტუდენტის თანხმობა ინფორმაციის გამჟღვნებაზე ან საკითხი ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კანონიერ უფლებას ადმინისტრაციის მხრიდან. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გაცემის პროცედურების განხორციელებისას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით;

4. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ნებისმიერი კანონიერი განკარგულება სავალდებულოა სტუდენტისათვის;

5. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის  შემთხვევაში დაცვის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს საჭირო ზომები დამრღვევის მიმართ, ხოლო თუ ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული დარღვევისა და დანაშაულის ნიშნებს, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია შესაბამისი რეაგირებისათვის.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინარული ღონისძიების გამოყენება განისაზღვრება დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

 

მუხლი 16. დისციპლინარული სახდელის გასაჩივრება

1. შეფარდებული სახდელის თაობაზე საჩივარი ერთი კვირის ვადაში შეიძლება შეტანილ იქნეს რექტორის სახელზე, რომელიც ან ტოვებს სასჯელს უცვლელად ან ნიშნავს  მოკვლევას და მოკვლევის დასკვნას წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
2.  სტუდენტის საჩივარი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განიხილება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება გასაჩივრებას  მხოლოდ სასამართლოში.

 

მუხლი 17. დასკვნითი დებულებები

1. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები და უნივერსიტეტის პერსონალი მოქმე­დებენ წინამდე­ბარე შინაგანაწესის საფუძველზე და ვალდებულნი არიან დაიცვან შესაბამისი წესები;

2. შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის დირექტორის ბრძანებით.

3. უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე შინაგანაწესს, ხოლო ად­მი­ნისტ­რაცია ვალდებულია ნებისმიერ დროს მისცეს თანამშრომლებს მისი გაცნობის შესაძლებ­ლობა;

4. წინამდებარე დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების  შემთხვევაში.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;